English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ავთანდილ სულაბერიძე გიორგი წულაძე ვლადიმერ სულაბერიძე ნინო გომელაური
დემოგრაფიულ შემთხვევათა სტატისტიკური აღრიცხვის პრობლემები საქართველოში

რეზიუმე

პროგნოზები ძირითადად ემყარება სახელმწიფო სტატისტიკის ოფიციალურ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის და მიგრაციის არაზუსტი აღრიცხვის პირობებში კი (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში) არასწორ ოფიციალურ ინფორმაციაზე გაანგარიშებული პროგნოზები მნიშვნელოვანი ცდომილებებით ხასიათდება. ჩვენი აზრით, პროგნოზთა გაანგარიშებისას, სასურველია, ქვეყნის ოფიციალურ სტატისტიკასთან ერთად, ალტერნატივის სახით, გამოყენებულ იქნეს მეცნიერული გამოკვლევის შედეგებზე დაფუძნებული ექსპერტთა შეფასებითი დემოგრაფიული მაჩვენებლებიც.

ოფიციალურთან შედარებით ექსპერტულ შეფასებათა მეტი სანდოობა დაადასტურა საქართველოს 2014 წლის მოსახლეობის აღწერამ. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ არაზუსტი სტატიტიკური აღრიცხვის პირობებში, პროგნოზების შესრულებისას, ოფიციალური სტატისტიკის და ექსპერტული შეფასებითი მაჩვენებლების შედარებითი ანალიზის გამოყენება გააუმჯობესებს პროგნოზის ხარისხს.

საკვანძო სიტყვები: დემოგრაფიული სტატისტიკა, შეფასებითი მონაცემები, პროგნოზი, შობადომა, მოკვდაობა, მიგრაცია.

 შესავალი

მიმდინარე დემოგრაფიული პროცესების განხილვისას, არსებული ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის გარდა, დემოგრაფიულ პროცესთა ანალიზისას ვიყენებთ ექსპერტული შეფასების მეთოდით გაანგარიშებულ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, განსხვავდება საქსტატის ოფიციალური მონაცემებისაგან. სწორედ ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ არსებული დემოსტატისტიკური მაჩვენებლები ყოველთვის არ გამოხატავს რეალურ დემოგრაფიულ ვითარებას, ვინაიდან სრულად ვერ ხერხდება დემოგრაფიულ შემთხვევათა აღრიცხვა.

ამასთან, დემოგრაფიულ შემთხვევათა არასრული აღრიცხვა არ წარმოადგენს შედარებით ახალ, პოსტსაბჭოთა პერიოდისათვის დამახასიათებელ მოვლენას. იგი არსებობდა საბჭოთა პერიოდში და, შესაძლებლობის ფარგლებში, არასრული აღრიცხვა გამოვლინდა 1960 წლიდან wlidan [Anderson, Katus, Silver 1994: 10-11; Anderson, Silver 1986: 712]. ამდენად, არასრული დემოსტატისტიკური აღრიცხვის პრობლემა ნაშრომში განიხილება 1960 წლიდან დღემდე და წარმოდგენილია 1960 წლიდან დემოგრაფიული პროცესების ოფიციალური და შეფასებითი მაჩვენებლების შედარებითი ანალიზით მიღებული განსხვავებები.

 კვლევის მეთოდოლოგია

 მოსახლეობის რაოდენობისა და ასაკობრივ-სქესობრივი შემადგენლობის განსაზღვრის სიზუსტე ბევრად არის დამოკიდებული დაბადებათა, გარდაცვალებათა და გარე მიგრაციის მიმდინარე აღრიცხვის სრულფასოვნებაზე.

1990-იან წლებში საქართველოში მომხდარ ცნობილ პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს მოჰყვა დემოგრაფიული შემთხვევებისა და მიგრაციის რეგისტრაციის გაუარესება, რის შედეგადაც გართულდა მოსახლეობის რაოდენობისა და ასაკობრივ-სქესობრივი შემადგენლობის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოფიციალური სტატისტიკის პარალელურად გაჩნდა არაოფიციალური სტატისტიკა მეცნიერულ შეფასება-გაანგარიშებების სახით (შემდგომში შეფასება), რომლის მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა და განსხვავდება საქსტატის შესაბამისი მონაცემებისა და მაჩვენებლებისაგან.

დემოსტატისტიკურ მონაცემთა შეფასებისას გამოყენებულ იქნა დემოგრაფიული, ეპიდემიოლოგიური და, მიგრაციული გადასვლის თეორიების საფუძველზე, მოცემული მომენტისთვის მისადაგებული მოდელები, გაეროს, კოულდემენის მოკვდაობის მოდელური (ტიპური) და სხვა მოდელური ცხრილები და ინდექსები. გაეროს ექსპერტების, უცხოელ და ქართველ მეცნიერთა wlidan [Anderson, Katus, Silver 1994: 10-11; Anderson, Silver 1986: 712] გაანგარიშება, დემოგრაფიულ პროცესებზე მოქმედ ფაქტორთა დეტერმინაციული ანალიზი, აგრეთვე ცალკეულ წლებში დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დემოსოციოლოგიური გამოკვლევები და სხვ.

ჩვენგან (მეცნიერ-ექსპერტთაგან) განსხვავებით, საქსტატს კანონმდებლობით არ აქვს სახელმწიფო სამსახურებიდან ოფიციალურად მიღებული მიმდინარე სტატისტიკური ინფორმაციის გადაანგარიშების და შეფასების უფლება. ამიტომ ის ოფიციალურად იძლევა სახელმწიფო სამსახურების მიერ ოფიციალურად მიწოდებული ინფორმაციის კრსებსით მონაცემებს, რაც დემოგრაფიულ ვითარებას არაზუსტად წარმოაჩენს.

განსხვავებები ოფიციალურ და შეფასებით (ექსპერტულ) დემოსტატისტიკურ მაჩვენებელთა შორის

სათანადო ანალიზის საფუძველზე დავადგინეთ, რომ როგორც 1970, ისე 1979, 1989, 2002 და 2014 წლების მოსახლეობის აღწერების დროს აღრიცხული რაოდენობა არ შეესაბამება აღწერათაშორის პერიოდებში ბუნებრივი მატებისა და გარე მიგრაციის არსებული მონაცემების ჯამიდან გამომდინარე მოსახლეობის რაოდენობას [წულაძე, სულაბერიძე, მაღლაფერიძე, მამარდაშვილი, 2008: 114-131]. საკვლევი პერიოდის მასშტაბიდან და სტატიის მოცულობიდან გამომდინარე, საკითხის უკეთ წარმოჩენის მიზნით, მას განვიხილავთ ორ პერიოდად - 1960-2000 წწ. და 2000 წლიდან დღემდე.

ა) 1960_2000 წლები საქსტატისა და ჩვენ მიერ გაანგარიშებული მოსახლეობის რაოდენობას შორის არსებული სხვაობა ძირითადად გამოწვეულია ბუნებრივი მოძრაობის და მიგრაციის არაზუსტი აღრიცხვის შედეგად. გაეროს ექსპერტების შეფასებით, 1960-1965 წლებში საქართველოში საშუალოდ წელიწადში აღურიცხავი რჩებოდა 20 ათასამდე გარდაცვლილი, ხოლო არასრული აღრიცხვის წილი 40%-ს შეადგენდა. ეს უკანასკნელი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა ჩამორჩებოდა მხოლოდ შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების შესაბამის მაჩვენებლებს.

გაეროს ექსპერტთა შეფასებით, გარდაცვლილთა არასრული აღრიცხვა საქართველოში უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვენი შეფასებით. 1960_1990-იან წლებში საქართველოში გარდაცვლილთა არასრულმა რეგისტრაციამ საერთო ჯამში შეადგინა: გაეროს ექსპერტთა შეფასებით _ 215 ათასი (15,4%), ხოლო ჩვენი შეფასებით _ 165 ათასი (12,2%).

1990-იან წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცვლილებებს სტატისტიკის ორგანოები (ისევე, როგორც ბევრი სხვა უწყება) მოუმზადებელი შეხვდა, რასაც მოჰყვა როგორც გარდაცვლილთა, ისე სხვა დემოგრაფიული შემთხვევების სტატისტიკური აღრიცხვის გაუარესება. 1990-იან წლებში, 1970-იან და 1980-იან წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაიზარდა გარდაცვლილთა არასრული აღრიცხვის დონე.

უნდა აღინიშნოს, რომ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების საფუძველზე მოხდა აღწერათაშორისი (1989 და 2002 წწ.) პერიოდის დემოგრაფიული მაჩვენებლების, მათ შორის გარდაცვლილთა რაოდენობის, გადაანგარიშება. საქსტატის მონაცემები გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ გადაანგარიშებამდე (ანუ რეგისტრირებული) და გადაანგარიშების შემდგომი, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. კერძოდ, გადაანგარიშებამდელი მონაცემებით საქართველოში 1990_2000 წლებში გარდაცვლილთა რაოდენობა 460,9 ათას კაცს შეადგენდა, ხოლო გადაანგარიშების შემდეგ _ 552,6 ათას კაცამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საქსტატის გადაანგარიშებული მონაცემები გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, გარკვეული განსხვავების მიუხედავად, ჩვენი შეფასებითი მონაცემების მსგავსია (560,2 ათასი გარდაცვლილი).

1960_2000 წწ. მოკვდაობის შეფასებითი მონაცემების ანალიზი, საქსტატის ამავე პერიოდის მოკვდაობის ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებით საფუძველს იძლევა, ახლებურად გავიაზროთ როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობის ევოლუცია, ისე, ზოგადად, დემოგრაფიული გადასვლა საქართველოში [Anderson, Katus, Silver 1994: 10-11; Anderson, Silver 1986: 712].

საქართველო იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც გარე მიგრაცია მოსახლეობის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქმე ის არის, რომ საქართველოს 1960 წლიდან გარე მიგრაციის უარყოფითი სალდო ახასიათებს.

განსხვავებით საქსტატის ოფიციალური მონაცემისგან, შეფასებითი მონაცემებით 1960_2000 წლების პერიოდში, გარე მიგრაციის შედეგად, საქართველოს მოსახლეობას დააკლდა 1404 ათასზე მეტი ადამიანი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოსათვის 1990-იანი წლები, როდესაც სხვადასხვა შეფასებითი მონაცემით, საქართველოს მოსახლეობამ გარე მიგრაციის შედეგად გაცილებით მეტი დანაკლისი განიცადა, ვიდრე წინა 30-წლიანი პერიოდის განმავლობაში. შეფასებითი მონაცემებით, 1990_2000 წლების პერიოდში საქართველომ, გარე მიგრაციის უარყოფითი სალდოს შედეგად, 1989 წლის მოსახლეობის რაოდენობის 19%-მდე დანაკლისი განიცადა, ანუ თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი წავიდა ქვეყნიდან.

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ 1960_2000 წლების პერიოდში, ოფიციალური მონაცემები საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, მათ შორის აღწერებისას, არაზუსტი და ნაკლებად სანდო იყო. აღწერებისას მოსახლეობის საერთო რაოდენობა გადამეტებით იყო წარმოდგენილი (1979 წლის გარდა).

გარდაცვლილთა და გარე მიგრაციის არასრული აღრიცხვის გათვალის¬წინებით, საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა 1960-2000 წლებში, ჩვენი შეფასებით, განსხვავებულია საქართველოს მოსახლეობის იმ რაოდენობისაგან, რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ არის წარმოდგენილი (გადაანგარიშებამდე). ამაზე ნათელ წარმოდგენას იძლევა ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა 1.

 

დიაგრამა 1. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა (ათასი) 1960_2000 წლებში საქსტატის (გადაანგარიშებამდე) და ჩვენი შეფასებითი მონაცემების მიხედვით [წულაძე... 2008: 7-15].

როგორც ვხედავთ, საქსტატისა და ჩვენ მიერ გაანგარიშებული მოსახლეობის რაოდენობას შორის არსებული სხვაობა 1960 წლიდან სულ იზრდება. 1970 წელს ეს სხვაობა 107 ათასი იყო, 1980 წელს _ 157 ათასი, 1990 წელს _ 236 ათასი, ხოლო 2000 წელს სხვაობამ 1028 ათასი შეადგინა. ამრიგად, ჩვენი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1960_2000 წლებში ყოველთვის ნაკლები იყო საქსტატის შესაბამის მონაცემებთან შედარებით. ამასთან, ჩვენი შეფასებით, 1992 წლიდან საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა განუხრელად მცირდება, მაშინ, როდესაც საქსტატის გაანგარიშებები მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ასახავს.

მოყვანილი დიაგრამა 1 აშკარად გვიჩვენებს, რომ საქართველოში 1960_1991 წლებში, მართალია სხვადასხვა სიდიდით, მაგრამ მოსახლეობის მატებას ჰქონდა ადგილი, რომელიც 1992 წლიდან კლებით შეიცვალა. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1960_1991 წლებში გაიზარდა 1099 ათასით, ხოლო 1992_2000 წლებში შემცირდა 882 ათასით. მოსახლეობის საერთო მატებაში ბუნებრივ და მექანიკურ მოძრაობას (მიგრაციას) განსხვავებული წილი ჰქონდა (იხ. დიაგრამა 2).

 

დიაგრამა 2. მოსახლეობის საერთო მატების (კლების) კომპონენტები საქართველოში 1960-2000 წლებში, ათასობით (გარე მიგრაცია: 1960-1989 წწ. _ სდ, 1990-2000 _ შეფასებითი მონაცემებით; ბუნებრივი მატება _ შეფასებითი მონაცემებით) [wulaZe... 2008: 61-68; Tsuladze, 2015: 47-48, 317; Population of Georgia. Statistical collection, 2003: 67]. 

მთელი განსახილველი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი მატება მცირდებოდა და პერიოდის ბოლოსათვის ნულოვან სიდიდემდე დავიდა, მისი მნიშვნელობა მაინც დადებითი იყო, მაშინ, როდესაც გარე მიგრაციის სალდო უარყოფითი იყო.

1992 წლამდე მოსახლეობის ბუნებრივი მატების სიდიდის მეტობა გარე მიგრაციის უარყოფით სალდოზე ძირითადად განსაზღვრავდა საქართველოს მოსახლეობის საერთო მატებას. 1992 წლიდან კი, ერთი მხრივ, ბუნებრივი მატების მკვეთრმა შემცირებამ და, მეორე მხრივ, ემიგრაციის ინტენსივობის მნიშვნელოვანმა ზრდამ, მომდევნო წლებში განაპირობა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება.

ამდენად, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივი ფორმირების ძირითად კომპონენტს 1960-1991 წლებში ბუნებრივი მატება, ხოლო 1992-2000 წლებში გარე მიგრაცია წარმოადგენდა.

ბ. 2000_2015 წწ. როდესაც 2000-იან წლებზე ვმსჯელობთ, პირველ რიგში აღსანიშნავია 2002 წელს (17 იანვრის მდგომარეობით) ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის პირველი საყოველთაო ეროვნული აღწერა. მისი შედეგები სპეციალისტების მიერ არაერთგვაროვნად არის შეფასებული.

უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული კრიტიკული დამოკიდებულება ეფუძნება “ემიგრანტთა სააღწერო ფურცელს~, რომელმაც, პრაქტიკულად, ვერ ან ცუდად ~იმუშავა~. მაგალითად, 2002 წლის აღწერის შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ ემიგრანტების რაოდენობა საქართველოდან შეადგენს 113,7 ათასს [საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული აღწერის შედეგები, 2003]. იმავე დროს, სტატისტიკის დეპარტამენტის გაანგარიშებით, გარე მიგრაციის უარყოფითმა სალდომ საქართველოსათვის აღწერათაშორის პერიოდში (1989_2001 წწ.) დაახლოებით 930 ათასი შეადგინა [Population of Georgia. Statistical collection, 2003: 67].

2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა 4371,5 ათასის, ხოლო ფაქტობრივი მოსახ-ლეობის რაოდენობა - 4355,7 ათასის ტოლი იყო, ანუ სხვაობა მათ შორის შეადგენდა 15,8 ათასს.

 

 

დიაგრამა 3. საქართველოს მოსახლეობის ცვლილება 2001_2014 წწ. (1 იანვრის მდგომარეობით) [წულაძე... 2008: 68-69; წულაძე, 2015: 17]

მოყვანილი დიაგრამიდან ჩანს, რომ 2002 წელს მოსახლეობის შეფასებითი რაოდენობა ნაკლები იყო მუდმივზე 370,5 ათასით. 2003_2014 წლებში აღნიშნული სხვაობა იზრდებოდა და 2014 წლის 1 იანვრისთვის მიაღწია 729,8 ათასს, ანუ 16,3%-ს. ამასთან, მოცემულ წლებში, საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონის ფარგლებშია და 2008 წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მისგან განსხვავებით, შეფასებითი მონაცემებით 2002 წლიდან იგი 4 მილიონს ქვემოთაა და კლების ტენდენცია გააჩნია. მოსახლეობის ფორმირების ორი კომპონენტიდან საქსტატის შემთხვევაში მიგრაციული სალდო უარყოფით როლს არ თამაშობს, მისგან განსხვავებით, შეფასებითი მაჩვენებლებით, მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების გადამწყვეტ ფაქტორად ძირითად ისევ გარე მიგრაცია გვევლინება, რაც ნათლად ჩანს ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა 4-დან.

 

დიაგრამა 4. მოსახლეობის საერთო მატების (კლების) კომპონენტები საქართველოში 2001_2014 წწ., (ათასი) [წულაძე, 2015: 47-48, 317]

საქსტატის და შეფასებითი მაჩვენებლების ასეთი კონტრასტული განსხვავება ისევ და ისევ მოსახლეობის დემოსტატისტიკური აღრიცხვის პრობლემებიდან გამომდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ცალ-ცალკე გავაანალიზოთ და შევადაროთ როგორც მოსახლეობის ბუნებრივი მატების კომპონენტების დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის, ასევე მიგრაციული სალდოს საქსტატის და ჩვენი შეფასებითი მაჩვენებლები.

 

დიაგრამა 5. ცოცხლად დაბადებულთა დინამიკა 2000_2014 წწ. [წულაძე, 2015: 48]

მოყვანილი დიაგრამა 5-დან ჩანს, რომ 2007_2009 წლებში, საქსტატის ოფიციალურ და ჩვენი შეფასებით მაჩვენებლებში დაბადებულთა რაოდენობა ერთმანეთის მსგავსია, რაც მეტყველებს ამ წლებში გამოსწორებულ აღრიცხვაზე. ამ წლებისგან განსხვავებით, წინა და მომდევნო წლების სხვაობა კი მიანიშნებს დაბადებულთა არასრულ აღრიცხვაზე.

  

დიაგრამა 6. გარდაცვლილთა რაოდენობის დინამიკა 2000_2014 წწ. [წულაძე, 2015: 48]

ცოცხლად დაბადებულთა აღრიცხვისგან განსხვავებით, 2000_2014 წლებში უფრო მეტად არის დარღვეული გარდაცვლილთა აღრიცხვა, განსაკუთრებით 2004_2010 წლებში, რასაც ნათლად გვიჩვენებს დიაგრამა 6.

დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის დინამიკიდან გამომდინარე, 2002_2014 წლებში მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ საქსტატის მონაცემებით შეადგინა 100,0 ათასი კაცი, ხოლო შეფასებით _ 71,4 ათასი კაცი.

როგორც დიაგრამა 7-დან ჩანს, მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის კომპონენტთა აღრიცხვასთან შედარებით უფრო ცუდადაა საქმე გარე მიგრაციის აღრიცხვაში. 2002_2014 წლებში, გარე მიგრაციული სალდო, არასწორი აღრიცხვის გამო, საქსატატის მონაცემებით დადებითი იყო და 24 ათასი შეადგინა, ხოლო შეფასებით, უარყოფითი და 314 ათას კაცს შეადგენდა.

 

დიაგრამა 7. საქართველოს მოსახლეობის გარე მიგრაციის სალდო 2002_2014 წწ. [წულაძე, სულაბერიძე, მაღლაფერიძე, მამარდაშვილი, 2008: 103-106; წულაძე, 2015: 317].

როგორც კვლევის მეთოდოლოგიაში აღვნიშნეთ, ჩვენგან (მეცნიერ-ექსპერტთაგან) განსხვავებით, საქსტატს კანონმდებლობით არ აქვს სახელმწიფო სამსახურებიდან ოფიციალურად მიღებული მიდინარე სტატიტიკური ინფორმაციის გადამოწმების, გადაანგარიშების და შეფასების უფლება. სწორედ ამის შედეგია, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში არ აღირიცხება სამშობიაროს გარეთ, ბინაში დაბადებულები, ხოლო გარდაცვლილთა (განსაკუთრებით ჩვილთა) შემთხვევაში _ რეგისტრაციის გვერდის ავლით დაკრძალულები.

საქმე ისაა, რომ, როგორც სხვადასხვა წლების ჩვენი და გაეროს ექსპერტების გამოკვლევები გვიჩვენებს, საქართველოს მთიანეთის და ქვემო ქართლის სოფლებში ჯერ კიდევ აღინიშნება ბინაზე მშობიარობა. გარდა ამისა, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ნაწილი მშობიარობდა და მშობიარობს უცხოეთში. 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომამდე, ოსთა და ქართველთა შორის არსებული მშვიდობიანი ურთიერთობის დროს, ცხინვალის რეგიონთან მცხოვრები მოსახლეობა სამშობიაროდ გადადიოდა ცხინვალში. აღნიშნული ძირითადად გამოწვეული იყო მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და საქართველოში მშობიარობის სიძვირით. შესაბამისად, დაბადებულთა ეს ნაწილი არ რეგისტრირდებოდა და არ აღირიცხებოდა საქსტატის დაბადებულთა კრებსით მაჩვენებლში.

გარდაცვლილთა აღრიცხვის პრობლემას ძირითადად ართულებდა და ართულებს ის, რომ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და სოფელში, მიუხედავად ადგილობრივ ხელისუფალთა ადმინისტრაციული ჯარიმისა, გარდაცვლილის დაკრძალვისთვის მიწის გამოსაყოფად ხშირად არ ითხოვდნენ გარდაცვლილის რგისტრაციის მოწმობას. გარდა ამისა, თვით ოჯახი, გარდაცვლილს რეგისტრაციის გარეშე დასაფლავებისთვის, სასაფლაოზე მიწის გამოყოფის ყოველგვარი ნებართვის გარეშე ასაფლავებდა და ასაფლავებს. გარდა ამისა, ოჯახი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, გარდაცვლილის პენსიის შენარჩუნების მიზნით, გარდაცვლილ პენსიონერს გვიან ან საერთოდ არ ატარებს რეგისტრაციაში და სხვ.

ზემოთ მოყვანილი მიზეზები და ბუნებრივი მოძრაობის აღრიცხვის ადმი-ნისტრირების დაბალი დონე და კულტურა შესაბამისად ართულებს ზუსტ აღ-რიცხვას, რაშიც საქსტატს ვერ დავადანაშაულებთ.

მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობისგან განსხვავებით, მიგრაციის არაზუსტი აღრიცხვა ძირითადად არასწორი მეთოდოლოგიის შედეგია. კერძოდ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი 2012 წლამდე აღრიცხავდა მხოლოდ ვიზიტორებს და შესაბამისი სტატისტიკური ბაზების არარსებობის გამო არ ხერხდებოდა ვიზიტორთა ყოფნის ხანგრძლივობის და სხვა პარამეტრების გამოყოფა, რაც შესაძლებლობას მისცემდა საქსტატს, სწორად აღერიცხა საერთაშორისო მიგრაცია. 2012 წლიდან გარე მიგრაციის აღრიცხვის საქსტატის შემუშავებულმა ახლმა მეთოდიკამ მნიშვნელოვნად შეამცირა გარე მიგრაციის არაზუსტი აღრიცხვა და, იმედია, კიდევ უფრო გაუმჯობესდება. რაც შეეხება ქვეყნის შიგა მიგრაციას, საბჭოთა პერიოდის (თუმცა არც მაშინ იყო ზუსტი აღრიცხვა) შემდეგ საერთოდ მოიშალა, რამდენადაც მოსახლეობის ქვეყნის შიგნით გადაადგილება საერთოდ აღარ კონტროლდება და შესაბამისად არ აღირიცხება.

ცხრილი

მოსახლეობის არასრული აღრიცხვის დონე (%) ბუნებრივი მოძრაობის კომპონენტების და გარე მიგრაციის საქსტატის მაჩვენებლებში 2002_2014 წწ. 

წლები

შობადობა

მოკვდაობა

ჩვილთა მოკვდაობა

მიგრაცია

2002

5,1

4,0

-

23,4

2003

6,1

5,0

5,0

28,6

2004

5,0

5,8

5,2

672,7

2005

7,5

18,8

25,5

1398,5

2006

4,6

15,4

52,7

137,2

2007

1,5

18,3

67,7

27,1

2008

0,8

17,0

23,3

134,2

2009

1,0

7,7

37,4

1600,0

2010

1,5

11,0

85,4

1828,8

2011

4,2

7,3

70,7

1802,0

2012

10,5

2,8

68,0

0.0

2013

4,0

3,8

64,0

84,3

2014

1,6

10,2

64,3

86,2

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც ცხრილი გვიჩვენებს, მოსახლეობის ბოლო ორ აღწერათაშორის პერიოდში (2002_2014) საქსტატისა და ჩვენს შეფასებით მაჩვენებლებს შორის სხვაობიდან გამომდინარე, დაბადებულთა არაზუსტი აღრიცხვის დონე ცალკეულ წლებში დაბალი იყო (2010 წლის გარდა), ხოლო გარდაცვლილთა შემთხვევაში (2012_2013 წლების გარდა) მაღალი. მათთან შედარებით ჩვილთა მოკვდაობის არაზუსტი აღრიცხვის საკმაოდ მაღალი დონე შესამჩნევად ზრდის დაბადებისას მოსახლეობის მოსალოდნელი სიცოცხლის მაჩვენებლებს, რომელიც შეფასებითი მაჩვენებლებით საქსტატისგან განსხვავებით დაბალია. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის აღრიცხვისგან განსხვავებით, ფანტასტიკურად მაღალია გარე მიგრაციის არაზუსტი აღრიცხვის დონე, რაც 2005 წელს 14-ჯერ, 2009 წ. 16-ჯერ, ხოლო 2010 და 2011 წლებში 18-ჯერ აღემატებოდა რეალურ დონეს.

გასაკვირი აღარ უნდა იყოს საქსტატის და ჩვენი შეფასებით, მოსახლეობის ორ აღწერათაშორის პერიოდში 2002-2014 წწ. მოსახლეობის ყოველწლიურ რაოდენობას შორის სხვაობა. დიაგრამა 4-ის შესაბამისად, 2015 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობა უნდა ყოფილიყო 4496 ათასი კაცი (გაეროს მონაცემით 4 მილიონი კაცი). 2014 წლის 5 ნოემბრის მოსახლეობის აღწერის შედეგად კი დაფიქსირდა 3730 ათასი კაცი, ანუ 766 ათასი კაცით (17%-ით) ნაკლები. ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო ზუსტი აღმოჩნდა ექსპერტული შეფასებით გაანგარიშებული მაჩვენებლები, რომლის თანახმადაც, 2015 წლის 1 იანვრისთვის მოსახლეობის რაოდენობა პროგნოზით უნდა ყოფილიყო 3758 ათასი კაცი და რეალურად 3756 ათასი შეადგინა. განსხვავება მხოლოდ 2000 კაცია (0,1%).

საქსტატის 2002-2014 წლების მოსახლეობის აღწერათაშორისი პერიოდის თუნდაც ერთი, 2014 წლის დემოგრაფიულ მონაცემთა გადაანგარიშება იძლევა მნიშვნელოვან ცვლილებებს. თუ საქსტატის შობადობის მაჩვენებელი 2013 წელს შეადგენდა 12,9 ჰ-ს (პრომილე დ 1000 კაცზე გაანგარიშებით), 2014 წელს მან 16,3 ჰ შეადგინა, ნაცვლად 13,5 ჰ-სა. ასევეა მოკვდაობის მაჩვენებელთა შემთხვევაშიც. თუ საქსტატის 2013 წელს მოკვდაობის მაჩვეენებელი შეადგენდა 12,9 ჰ-ს, 2014 წელს მან 13,2 ჰ შეადგინა, ნაცვლად 10,9 ჰ-სა. სხვაობა 2,3 ჰ საკმაოდ დიდია.

ამ ასპექტით, საინტერესოა მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლები დაბადებისას. თუ ეს მაჩვენებელი საქსტატის მონაცემით ორივე სქესისთვის 2013 წელს შეადგენდა 75,2 წელს, 2014 წლის გადაანგარიშებით იგი შეადგენს 72,9 წელს, ანუ 2,3 წლით ნაკლებს. ამასთან, ერთ წელიწადში, მამაკაცებისთვის იგი შეცირდა 2,1 წლით და შეადგინა 68,7 წელი, ხოლო ქალებისთვის გაიზარდა 2,2 წლით და შეადგენს 77,2 წელს.

 დასკვნა

ამდენად, მოსახლეობის 2014 წლის აღწერამ დაადასტურა არაზუსტი აღრიცხვის პირობებში მიმდინარე სტატისტიკური აღრიცხვის არასაიმედოობა. შესაბამისად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მასზე დაფუძნებული პროგნოზებიც მცდარია. ამიტომ, დემოგრაფიული პროგნოზირებისას სასურველია, თუ მიზანშეწონილი არა, ექსპერტული შეფასებით ალტერნატიული პროგნოზების გაანგარიშებაც ლოკალურ დონეზე. მაგალითად, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე შესრულებული სხვადასხვა პროგნოზი ემყარება ოფიციალური სტატისტიკის არასწორ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, ამიტომ მისგან განსხვავებით, ქართველ ექსპერტთა შეფასებითი მაჩვენებლებით 2015 წლისთვის შესრულებული მოსახლეობის რაოდენობის პროგნოზი ბევრად ახლოსაა 2014 წლის მოსახლეობის აღწერით დაფიქსირებულ რაოდენობასთან (3713,8 ათასი კაცი). კერძოდ, 2015 წლისთვის სხვადასხვა პროგნოზით (საშუალო ვარიანტი) საქართველოს მოსახლეობა უნდა ყოფილიყო: გაეროს პროგნოზით დ 4225 ათასი კაცი, მსოფლიო ბანკის დ 4078 ათასი, აშშ მოსახლეობის აღწერის ბიუროს დ 4525 ათასი, ხოლო გ. წულაძის მიერ შეფასებითი მონაცემებით გაანგარიშებული პროგნოზით დ 3905 ათასი კაცი [წულაძე, 2013: 35].

გამოყენებული ლიტერატურა

 1.     გომელაური ნ., 2014, ოჯახის ალტერნატიული ფორმები და რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შობადობა. კრებული: “დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები”. თბილისი, გვ. 76-87.

2.     საქართველოს მოსახლეობა, 2003, სტატისტიკური კრებული. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი. გვ.67 .

3.     საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული აღწერის შედეგები, 2003, ნაწ. 1, საქსტატი. თბილისი.

4.     სულაბერიძე ა., 2007, ფიქრები ქართულ ოჯახზე და დემოგრაფიაზე. თბილისი.

5.     წულაძე გ., სულაბერიძე ა., მაღლაფერიძე ნ., მამარდაშვილი გ., 2008. საქართველოს დემოგრაფიული განვითარება: გუშინ, დღეს, ხვალ. თბილისი: ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი. UNFPA

6.     წულაძე გ., 2011, მსოფლიოს დემოგრაფიული განვითარება (1950_2050) ტ. II. თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. გვ. 589-592.

7.     წულაძე გ., 2013, საქართველოს დემოგრაფიული პერსპექტივები: 2015_2030 წწ. თბილისი.

8. Anderson B.A., Katus K., and Silver B.D., 1994, Developments and Prospects for Population Statistics in Countries of the Former Soviet Union. Population Index 60(1): 4-20. Doi: 10.2307/3645322.

9. Anderson B.A. and Silver B.D., 1986, Infant mortality in the Soviet Union: Regional differences and measurement issues. Population and Developments Review 12(4): 705-738. Doi: 10.2307/19734332.

10. Anderson B.A. and Silver  B.D., 1989, The Changing Shape of Soviet Mortality, 1958-1985: An Evaluation of Old and New Evidence. Population Studies 43(2): 243-265. Doi: 10.1080/0032472031000144106.

11. http://esa.un.org; http://web.worldbank.org; www.census.gov; World Population Prospects: The 2010 Revision; http://esa.un.org/unpd/wpp/index.htm

12. Population Situation Analysis (PSA). Georgia http://www.demographic-research.org/Volumes/Vol22/23

13. Sulaberidze A., 2008, Distored migration terms: cui bono? The Caucasus Globalization. Journal of Social, Political and Economic Studies. V. 2. Issue 1. Sweden. p. 82.

14. Tsuladze G., Maglaperidze N., 2001, Population Prospects of Georgia. Tbilisi: RTI Project.

15. Tsuladze G., Maglaperidze N., Vadachkoria A., 2002, Demographic Yearbook of Georgia 2001. Tbilisi. Scientific Publishing Centre. GCL.

16. Tsuladze G., Maglaperidze N., Vadachkoria A., 2003, Population Prospects of Georgia. 2003 Revision. UNFPA, Tbilisi.

17. Tsiklauri Sh. & Sulaberidze A.V., 2013, Qualitative and methodological aspects of population projections in Georgia. Georgian Population Prospects: 1950-2050. EUROSTAT international symposium “Demographic projections”. Rome. Italy. http://www.unece.org/fileadmin/DAM/Stats/documents/ece/ge.11./2013/wp7.1.pdf

18. United Nations, 2013, World Population Prospects: the 2012 Revision. New York, United Nations Population Division, UNDESA.